
გასტრონომია
& კულინარია
სამზარეულო - ტრადიციული კერძები და სასმელები - ზუგდიდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოდგენილია ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურით, მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიით, სულგუნის, ხაჭაპურისა და ელარჯის ტრადიციით საქართველოში. მეგრული კერძების ინგრედიენტები, საკვების მომზადება-შენახვის ტექნოლოგიები და დამზადების წესები თვალნათლივ მეტყველებს ზუგდიდისა და მთლიანად რეგიონის კულტურაზე და მდიდარ წარსულზე.
ზუგდიდი თავგადასავლების მოყვარულებსა და გურმანებს გემოების მრავალფეროვან პალიტრას სთავაზობს. აქ შეთავაზებული სხვადასხვა საკვები ასახავს რეგიონის ბუნებრივ ელემენტებს, მის ხალხს და მის ისტორიას. ამ რეგიონის სამზარეულო ცნობილია მთელ საქართველოში თავისი პიკანტური და ძლიერი გემოთი, აგრეთვე, აღიარებულია სულგუნის - ალბათ, საქართველოში ყველაზე ცნობილი ყველის - სამშობლოდ. ბევრმა მეგრულმა კერძმა იპოვა თავისი ადგილი საქართველოს მასშტაბით, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული სამზარეულოს განვითარებაში, მხარი დაუჭირა რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ხელი შეუწყო საქართველოს გასტრონომიული მემკვიდრეობის აღნიშვნას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
