
რა გამოარჩევს ზუგდიდს
ქალაქ ზუგდიდისთვის კულტურა უნიკალური და უმნიშვნელოვანესი საგანძურია, რომელშიც ტრადიცია და თანამედროვეობა ორგანულადაა შერწყმული, ხოლო თვითგანახლების უნარი უწყვეტი პროცესია, რომლის საფუძველიც ქალაქისა და მთლიანად რეგიონის მდიდარ შემოქმედებით პოტენციალშია. ამას განაპირობებს მუნიციპალიტეტში არსებულ მთელ რიგ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის: კოლხეთის ბრინჯაოს ხანის უძველესი კულტურა, ანტიკური ცივილიზაცია და ქრისტიანული კულტურა, უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლები და მუზეუმები, მღვიმეები და გამოქვაბულები, საჯომარდო და საპიკნიკე ადგილები, ჭარბტენიანი კოლხეთის დაბლობი და მისი იშვიათი ბუნება, უკიდურესად მაღალი ზემო სვანეთის მთები, შავი ზღვის აკვატორია და განვითარებადი კურორტული ზონები.
ზუგდიდი უდავოდ არის ნიჭიერების სამჭედლო. თაობათა წვლილი ზუგდიდში კულტურული განვითარების კუთხით, მარტივად შესამჩნევი და აღსაქმელია. ზუგდიდს გამორჩეული და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და ლანდშაფტი აქვს, რომელიც, ადგილობრივ ფოლკლორში, ისტორიულ შენობებში, ხელნაკეთობებსა და გასტრონომიაშია კონცეპტუალიზებული. ზუგდიდი მდიდარია შემოქმედებით შთაგონებული ხალხითა და გარემოთი. ეს ის ადგილია, სადაც კულტურასა და შემოქმედებითობას აფასებენ, იცავენ და ავითარებენ.კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურის ის ელემენტები, რომელთაც ფიზიკური ფორმა არ გააჩნიათ და გამოიხატებიან ცოდნაში, ტრადიციებში, უნარებსა თუ რიტუალებში. ასეთებია, მაგალითად, საშემსრულებლო ხელოვნება, ფესტივალები, საზოგადოებრივი ადათები და ტრადიციები, ფოლკლორი, ენა და დიალექტი, ტრადიციული რეწვა და, რა თქმა უნდა, გასტრონომია.
გასტრონომიას, ტრადიციულ რეწვას, ხალხურ შემოქმედებას, მასთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და პროდუქტებს აქვთ იმის მაღალი პოტენციალი, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და განვითარებას; ინოვაციური მიდგომების წახალისებას; ახალგაზრდების მოტივაციას, დახელოვნებასა და დასაქმებას; ქალაქ ზუგდიდის ცნობადობასა და პოპულარიზაციას; ქალაქის მიმზიდველობისა და მომხიბვლელობის გაზრდას და მის მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ქცევას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.