
ანაკლიის ციხე
ანაკლიის ციხე იმავე საუკუნის 70–იან წლებში კიდევ ერთხელ იხსენიება სამეგრელოს მთავრის კაცია დ ადიანის წერილში, რომელიც თავისი დისთვის მიუწერია, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი ბრძანებით სამეგრელოს ჯარს ანაკლია და რუხის ციხე წაურთმევიათ ოსმალთათვის, ხოლო იქ ნაშოვნი იარაღი და ტყვეები რუსი გენერლისთვის, ტოტლებენისთვის ჩაუბარებიათ.
ანაკლიის ციხე ანაკლიაში დასახლებული პუნქტის წარმოშობა ადრევე სავარაუდოა. გამორიცხული არ არის, რომ ძველად აქ სიმაგრეც ყოფილიყო, მაგრამ თანამედროვე ანაკლიის ციხე მეთვრამეტე საუკუნეზე ადრინდელი არ შეიძლება იყოს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ,,ანაკრიის ციხე აღაშენეს ოსმალთა ციხე 1703 წ. აწცა უპყრავთ მათთვე’’, მისივე ცნობით 1725 წელს თურქებს რუხის ციხე დაუნგრევიათ და მისივე ქვებით ,,ანაკრია აღაშენეს უმტკიცესად“.
ანაკლიის ციხე იმავე საუკუნის 70–იან წლებში კიდევ ერთხელ იხსენიება სამეგრელოს მთავრის კაცია დადიანის წერილში, რომელიც თავისი დისთვის მიუწერია, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი ბრძანებით სამეგრელოს ჯარს ანაკლია და რუხის ციხე წაურთმევიათ ოსმალთათვის, ხოლო იქ ნაშოვნი იარაღი და ტყვეები რუსი გენერლისთვის, ტოტლებენისთვის ჩაუბარებიათ.
ანაკლიის ციხე აღმართულია მდინარე ენგურის ზღვასთან შეერთების ადგილას, მის მარცხენა სანაპიროზე. სიმაგრეს კვადრატული გეგმა აქვს და კუთხეებში თითო კოშკი დგას. ამათგან აღმოსავლეთით მდგარი კოშკები ცილინდრული ფორმისაა, ხოლო დასავლეთით სწორკუთხა. ჩრდილო–დასავლეთის კოშკი შემორჩენილი არ იყო. მდინარეს წაუღია არამარტო ეს კოშკი, არამედ გალავნის მნიშვნელოვანი ნაწილი. გალავნის კედლების კვალი ფრაგმენტულად იყო შენარჩუნებული. აქვე უნდა ყოფილიყო დაახლოებით სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი.
ციხის გალავანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსი თითქმის ყრუა. მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის მარცხენა ბოლოშია გვერდიგვერდ ორი სათოფე, ზედა იარუსზე საბრძოლო ბილიკის დონეზე სათოფეებია ჩამწკრივებული.
ცილინდრულ კოშკთაგან ყველაზე დიდია ჩრდილო–აღმოსავლეთის. მასში შესასვლელი ეზოდან პირველ სართულზეა, მეორე სართული დაზიანებულია, მაგრამ სათოფეები აქა–იქ შემორჩენილია.
სამხრეთ–აღმოსავლეთი კოშკი დანარჩენისაგან მხოლოდ მოცულობით განსხვავდება. ამ კოშკებისგან განსხვავებით სამხრეთ–დასავლეთი კოშკი სწორკუთხაა. აქაც ზედა სართულის კედლებში განლაგებულია სათოფეები და საზარბაზნეები. ანაკლიის ციხე ქართლ–კახეთში გავრცელებული ამავე პერიოდის საფორტიფიკაციო ნაგებობების მიბაძვაა და დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სიმაგრეებისგან არსებითად განსხვავდება.
ანაკლიის ციხე - სიმაგრე ამჟამად აღდგენილია და ერთ-ერთი ტურისტულად მიმზიდველი ობიექტია.
ანაკლიის ციხეს, 2006 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.