ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კორცხელის მონასტერი
საეკლესიო ანსამბლის კომპლექსში შედის ეკლესია, გალავანი და სამსართულიანი კოშკი.
კორცხელის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქ. ზუგდიდიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 7 კმ.–ის დაშორებით, სოფ. კორცხელის ცენტრალურ ნაწილში, შემაღლებულ ბორცვზე.
საეკლესიო ანსამბლის კომპლექსში შედის ეკლესია, გალავანი და სამსართულიანი კოშკი.
კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია ლევან II დადიანის მიერ 1624–1639 წლებში აშენებულად ითვლება, მაგრამ რუკა–ცნობარში ,,ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები“ კორცხელის ეკლესია მეათე საუკუნითაა დათარიღებული. ჩვენამდე მოაღწია XI საუკუნის კორცხელის ღვთისმშობლის ხატმა.
კორცხელის ეკლესია ლევან II დადიანმა შესწირა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ამ სოფელში მოსახლე 100 ყმა–გლეხით. ტაძარი ქრისტეს საფლავის “მეტოქს” ანუ ფილიალს წარმოადგენდა. კორცხელის მონასტერში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ირუბაქიძე – ჩოლოყაშვილი.
ეკლესია გეგმაში წარმოადგენს კვადრატში ჩახატული ჯვრის ტიპის გუმბათოვან ფორმას. იგი ნაგებია თლილი კირქვისაგან, კირის რთული ხსნარით. პერანგი უფრო დიდი ზომის თლილი ლოდებისგანაა ნაგები ვიდრე საკუთრივ შიდა კედლები. კედლის ამოყორვა მომხდარა რიყის ქვებით ქვითკირის დუღაბზე. ეკლესიას გააჩნია 3 შესასვლელი, დასავლეთის ანუ ცენტრალური, სამხრეთისა და ჩრდილოეთის. ტაძარს 8 სარკმელი გააჩნია. აღმოსავლეთის ფასადს აქვს 3 ნახევარწრიული აფსიდების შვერილი –ცენტრალური საკურთხევლის, სამკვეთლოსი და სადიაკვნოს, რომლებშიც თითო–თითო სარკმელია გაჭრილი. კედელი შელესილია კირის რთული ხსნარით. ნავების კამარები ნახევარცილინდრული თაღებითაა შეკრული, ხოლო გუმბათის ყელი შედარებით ვიწრო ფორმისაა, ვიდრე ტაძრის დანარჩენი ნაწილი. ეკლესია გადახურულია თუნუქით. ეკლესიის კარიბჭე დასავლეთ მხარეს გახსნილია, რომელიც ოთხ საბჯენ სვეტს ეყრდნობა. ეკლესიის დასავლეთით სამრეკლო მდებარეობს.
კორცხელის ტაძარში საეკლესიო მსახურება აღდგა 1990 წელს.
ტაძრის დღესასწაული აღინიშნება ყოველი წლის მარიამობას.
2006 წელს კორცხელის სამონასტრო კომპლექსს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.