სისატურა
ბავშვობაში, ყოველ ზაფხულს სამეგრელოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ვატარებდით, ნათესავებთან. იქ ყველაფერი ნამდვილი და ფერადი იყო. კოპწია ოდა სახლები, ხის საბზადი, ფაცხა , სიმწვანეში ჩაფლული ეზოები, წყაროს "წყურგილიშ" წყალი. დღემდე მახსოვს ოლია ბებოს მომზადებული პამიდვრის საწებელის გემო და ახლადგამომცხვარი პურის სურნელი, რომელშიც აუცილებლად რძიანი სულუგუნის უზარმაზარი ნაჭერი იყო ჩატენილი, რომელიც ბოლომდე უნდა მეჭამა. საღამოობით, როცა უკვე ციცინათელები ტყიდან გამოდიოდნენ და ვარსკვლავებიც ცაზე იღვიძებდნენ, ბაშვები სახლთან ახლოს, ტყის პირას , ფერდობზე , რციხლის ქვეშ ვსხდებოდით და სულგანაბული ვუსმენდით ლადი ბაბუას, რომელიც ტკბილი ხმით და გემრიელი მეგრულით იწყებდა ამბების მოყოლას თავის ბავშვობაზე, ძველ დროებასა და ტრადიციებზე, ომზე (ფრონტს ეძახდა). მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარდა ისტორიების მოსმენა ოჩოკოჩზე, ტყაშმაფასა და ჭინკებზე. დღემდე მჯერა , რომ, როგორც თვითონ ყვებოდა, მან მართლა გაიგო ტყაშმაფას კივილი, რომ მან მართლაც დაჭრა გამხეცებული ოჩოკოჩი და რომ ჭინკები, უბრალოდ, ცელქი არსებები არიან.
გავიდა წლები, მე გავიზარდე, უამრავი მიზანი მქონდა, ზოგს მივაღწიე, ზოგიც გადავიფიქრე, მაგრამ ჩემს ქვეცნობიერში სულ მეძახდა სოფლად გატარებული ჩემი ფერადი ბავშვობის დღეები და მინდოდა, რაღაც ფორმით დამებრუნებინა ეს მოგონება ჩემს ცხოვრებაში.
2012 წლიდან ჩავერთე ტურიზმში, გვქონდა საოჯახო სასტუმრო, ასევე ორგანიზებას ვუწევდით ტურებს სამეგრელოს მასშტაბით. გული მწყდებოდა, რომ სამეგრელოში არ იყო ისეთი სივრცე, სადაც მოსულ სტუმარს გავაცნობდით ჩვენი კუთხის ულამაზეს კულტურას, საინტერესო ისტორიას, ტრადიციებს, ფოლკლორს, უნიკალურ გასტრონომიას . დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დანაკლისი მეგრული ეთნო-სივრცის არ არსებობისა, შეძლებისდაგვარად შემევსო თან ჩემი დიდი ხნის ოცნება ამეხდინა, ბავშვობის ფერადი სურათხატები გამეცოცხლებინა და ის გარემო შემექმნა , რომელიც ასე მაბედნიერებდა. ანუ, შემექმნა სამეგრელოს პატრა მოდელი, ხალასი, გულღია, ტკბილი და, რაც მთავარია, ნამდვილი.
ეთნო სოფლის კონცეფციაზე მე და ჩემი მეუღლე დაახლოებით ექვსი თვე ვფიქრობდით, ორი წელიწადი წიგნებში, კვლევებში, ნაშრომებში ვიყავი თავჩარგული. გავიარე უამრავი კონსულტაცია, ვსვამდი უამრავ კითხვას. ჩვენს იდეას ბევრი ამბიციურ აკვიატებას ეძახდა, ხან დამცინოდნენ, ხან მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ბოლოს, როგორც ხდება ხოლმე, გავიმარჯვეთ.
დღეს სამ ჰექტარზ გეგმარებული ჩვენი მეგრული ეთნოსოფელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან უამრავ სტუმარს მასპინძლობს. განსაკუთრებით მოსწონთ ისტორიული ტური შემეცნებით ზონაში, სადაც ყველა ტიპის ტრადიული ნაგებობა-საცხოვრისები და დამხმარე ნაგებობები ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ სისატურაში წარმოდგენილი უძველესი ნივთების უმრავლესობა არის ადგილობრივების მიერ ნაჩუქარი, აკვანი, ჩვენებური ჭოჭინა "ორულეში“, ხაკის ქვა, დოქები, ორკოლები, ფარდაგები, ავეჯი, საწნახელი და უამრავი რამ.
ყველა ხეს, შენობას, ნივთს თავისი ისტორია, ხასიათი და ენერგეტიკა აქვს. ორი საუკუნის ხის წიქსვილი, რომელიც სიმინდს დღესაც დაუღალავად ფქვავს, გულგრილს არავის ტოვებს. მეგრული კერძები კი, განურჩევლად ყველა სტუმარს აღაფრთოვანებს. შეფასება ყოველთვის თითქმის ერთანაირია, "უგემრელიესია, რადგან გულით არის მომზადებული". დიახ, მეგრული გასტრონომია არ არის მხოლოდ ინგრედიენტები, რეცეპტები და ტექნიკა. ეს არის გენეტიკური ნიჭი, რიტუალები, გარემო და განწყობა. ყოველივე ამას სტუმარი ხედავს, გრძნობს და მოწიწებით ითავისებს.
ცალკე პატარა თავგადასავალია მეთევზის ნავით ტბაზე გასეირნება.
ერთწლიანი და მრავალწლიანი აგროკულტურები, შინაური ცხოველების საოჯახო ფერმა ,ყველაფერი ეს არის სისატურა. სისატურა ადგილი, სადაც შუაღამე, ტყაშმაფას სიყვარულით მოჯადოებული ოჩოკოჩი ღრიალით დარბის და დაეძებს თავის სატრფოს, რომელმაც ახალგაზრდა მონადირე მოაჯადოვა და სადღაც გამოქვაბულში იმალება, ჭინკები კი თავიანთი მხიარული ჟრიამულით იკლებენ იქაურობას. როცა თუთარჩელა გაანათებს სოფწლს, ტურები იწყებენ გაბმულად კივილს, თოლისქვამი კი თავის პატარა ბონდოს ძილის წინ მეგრულ ნანას უმღერის
"სისა ტურა მურსია,
ბონდო ბოშის ლურსია,
ბონდო ბოში, მუშ დიდას , ოხუტოლუ გურსია..
ჩქიმი ბონდოს ლურსია.
ბონდო ბოში თე ქიანას
ქუგულუანს დუსია,
ბრუია ბონდო, ბრუია ნანა
ბრუია, ნა-ნინა-ო"
მეგრელმა მზე ისე შეიყვარა, რომ რძეს მისი სახელი შეარქვა. ასე დაიბადა ბჟა დედამიწაზე. ყველა ჰამო კერძს მზეს და მთვარეს უძღვნიდა და ორივე ბჟას იფიცებდა, ორივე ღმერთიაო.
მარიკა თოდუა
ეთნო-სოფელი “სისა ტურა“ დამფუძნებელი
მასალა პირველად დაიბეჭდა დარეჯან კვარაცხელიას წიგნში „ოდაბადე“
დაგვიკავშირდით:
599 23 65 69

გებჟალია მეგრული სამზარეულოს დედოფალია, უყვარს სუფრაზე პირველს მას რომ აგემოვნებენ. ყველა ოჯახში ამზადებენ და ყველა ოჯახს თავისი რეცეპტი აქვს.
გებჟალია ბებიამ შემაყვარა, რეცპტიც მისგან ვისწავლე. სამეგრელოში რამოდენიმე ვარიანტია გავრცელებული, მცირე სხვაობაა ინგრედიენტებში მათ შორის, მაგრამ ყველა მაინც ძალიან განსხვავებულია, მაგრამ დედმამიშვილებივით მაინც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
ჩვენი რეცეპტი კი ასეთია:
გვჭირდება სასელეგინე მწიფე ჭყინტი ყველი და გებჟალიას სუნელი.
გებჟალიას სუნელისთვის კი გვჭირდება:
პიტნა (ყვალმინთა) ერთი კონა
ქორფა ქინძი (მესამედი კონა)
მწვანე წიწაკა (ნახევარი)
წითელი წიწაკა (ნახევარი)
ნიორი ორი კბილი
მარილი გემოვნებით.
კარგად დავნაყოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები.
ყველი დავჭრათ თხელ ფენებად და ჩავაწყოთ ცხელ რძეში ან წყალში. დავაყოვნოთ 3-5 წუთი. როცა ყველის ნაჭრები დაიწყებს გაწელსვას , ამოვიღოთ ბრტყელ ლანგარზე ან გობზე და გავშალოთ, მსუბუქად გადავზილოთ, რომ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასა მივიღოთ. დიდხანს არ უნდა ჩაზილოთ, ზედმეტად მკვრივი რომ არ გამოვიდეს. გავაბრტყელოთ სასურველ სისქეზე, წავუსვათ პიტნის სუნელი და გადავახვიოთ რულეტივით ან მრგვალი კვერის ფორმა მივცეთ. დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
მოვამზადოთ სოუსი. გადაზელისას გამოყოფილ სითხეს დავუმატოთ დარჩენილი პიტნის სუნელი და მოვასხათ გებჟალიას ნაჭრებს.