top of page
ლევან გაბეჩავა 5 (2).JPG

ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

სატაძრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და პალატის პირველი სართული.

 ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სატაძრო კომპლექსი მდებარეობს, ზუგდიდიდან სამხრეთ-დასავლეთით, ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

   სატაძრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და პალატის პირველი სართული.

  ცაიშის ტაძრის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს წინაქრისტიანული ხანის საკულტო დანიშნულების მცირე ზომის სამლოცველო უნდა არსებულიყო. 

   ისტორიული წყაროების მიხედვით VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცაიშში საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში, ლაზიკის ეპარქიის შემადგენლობაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება.  ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსო ტერიტორია მოიცავდა ხობის ყწალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს, ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ერთი პერიოდი ცაიშის ეპარქიის სამწყსოში შედიოდა ზემო სვანეთი და სამურზაყანოს ტერიტორია.

  ცაიშში გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XIII – XIV საუკუნეების მიჯნაზე. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა, თუმცა მისი პირვანდელი იერსახის შესახებ ინფორმაცია შემორჩენილი არ არის. ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ, წერილობით წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე. 

 ცაიშის ტაძარი რამდენჯერმე მიწისძვრის შედეგად დანგრეულა. 1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ (1612-1639 წ.წ.)

    1823 წელს რუსეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სამრევლო სკოლა.

     დღევანდელი ძეგლის არქიტექტურული კომპოზიციის დამაგვირგვინებელი ცილინდრული ფორმის გუმბათი მთლიანად ახალია, მას საფუძვლის კვადრატის კონსტრუქციული შვერილებიც კი არ გააჩნია.

    ცაიშის ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ–გუმბათოვანი ტიპის ნაგებობას აღმოსავლეთით ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით. ფასადებს ამკობს დეკორატიული მორთულობის ელემენტები. გამოყენებულია გეომეტრიული და მცენარეული მოტივები. შემორჩენილი რელიეფები ფიგურალური კომპოზიციებით უმრავლეს შემთხვევაში ძლიერ დაზიანებულია.

   ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწილს ორსართულიანი სამრეკლო წარმოადგენს. იგი ჩაშენებულია სამხრეთით შიგ გალავანში. მისი აგების თარიღი უცნობია, რამეთუ მის შესახებ წყაროები არაფერს ამბობენ. სპეციალისტების დაკვირვებიდან კი ცხადია, რომ სამრეკლო შეიცავს რამდენიმე სამშენებლო ფენას, ასევე ტაძრის ფრაგმენტებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი მიწისძვრის შემდეგ იქნა აგებული. ამასვე ადასტურებს მალაქიას შემდეგი წარწერა: "სრულიად დაიქცა გალავანითა და შინაგან გარ-შენობითა და სამრეკლოთა ...".

    ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული ორსართულიანი პალატის პირველი სართული. პალატის ინტერიერი დიდად შთამბეჭდავია, თაღოვანი ბოძები, რომელსაც შენობის ჭერი ეყრდნობა, გოთური სტილის ელემენტებს ატარებს. ნაგებობის დღევანდელი სურათი ორ სამშენებლო ფენას შეიცავს თავდაპირველსა და აღდგენილ ნაწილს. მხატვრული თვალსაზრისით, ამ ტაძრის პალატი დაახლოებით XI საუკუნეშია აგებული. ამ სადგომის ზემოთ მდგარა ხის სახლი, რომელიც ხეზე ჭრის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა.

  ამდენად, ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ძირითადი სამშენებლო პერიოდი, მეცამეტე საუკუნის ბოლოსა და მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, თუმცა აშკარად ჩანს X საუკუნის სამშენებლო ტრადიციების ფრაგმენტებიც.

გალერეა

bottom of page