top of page
რომან თოლორდავა (3).png

ჭაქვინჯის ციხე

ჭაქვინჯის ციხისთვის მაღალ მთებში ადგილი სტრატეგიულადაა  შერჩეული, რომ იქ მჯდომი ძალიან დიდ მანძილზე ზვერავდა არემარეს. შორს, ქვემოთ კოლხეთის ვრცელი დაბლობი მოჩანს. მზიან ამინდში, საღამოჟამს, ზღვაც კი აირეკლება.

image.png
www.samosy.com (21).png
image.png
რომან თოლორდავა (2).png

ჭაქვინჯის ციხე, იგივე ,,ჯიხა’’ მდებარეობს ქ. ზუგდიდიდან 16 კმ.–ის დაშორებით სოფელ ჯიხაშკარში. ჭაქვინჯის ციხისთვის მაღალ მთებში ადგილი სტრატეგიულადაა შერჩეული, რომ იქ მჯდომი ძალიან დიდ მანძილზე ზვერავდა არემარეს. შორს, ქვემოთ კოლხეთის ვრცელი დაბლობი მოჩანს. მზიან ამინდში, საღამოჟამს, ზღვაც კი აირეკლება.ციხის ქვემოთ ფერდობი ნელ-ნელა ეშვება მდინარე ჭანისწყლისაკენ. ციხეზე გზა ამჟამად სამხრეთიდან ადის, მაგრამ ძველად იგი ციტადელს დასავლეთიდან ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო.

 

ციხე ძლიერ დაზიანებულია. 1968–69 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ციხე ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან - ერთია ციტადელი და მეორე მასთან დაკავშირებული ქვედა ციხე დიდი ფართობით. ციტადელი მაღლობზე დგას, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო მდებარეობს ჩრდილოეთით, რთულ რელიეფზე, მეორე ნაწილიდან თითქმის აღდგა გალავნის მოხაზულობა, ხოლო ფაქტიურად დარჩენილია ბოლო კოშკის ნაშთი, ჩრდილო განაპირას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, საიდანაც გამოდიოდა გვირაბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთში მდებარე წყარო ჩართული იყო გალავანში.

 

სპეციალისტები აქ ძირითადად სამი ქრონოლოგიური ფენას გამოყოფენ - ადრეშუასაუკუნეების, განვითარებული შუასაუკუნეებისა და გვიანშუასაუკუნეების.

 

ციხის შიგნით იმყოფება აკლდამა, რომელიც ჰგავს პატარა ბეღელს. აქვე ყოფილა პალატი, სადაც დადიანებს საზაფხულო რეზიდენცია ქონდათ. შიგ ციხეში ახლაც არის ჩანგრეული ძველი ეკლესია ციტადელის ჩრდილო აღმოსავლეთით. იგი ძალიანაა დაზიანებული, მაგრამ ძირითადი ფორმების დადგენა მაინც ხერხდება. ციხის შუა ადგილას ასევე არის ჭა, რომელიც სიღრმით იქნებოდა 40 საბჯენი. ჭაში გადებულია რკინის კარი და "ხაჯალურები". ჭა მეტად ღრმა უნდა ყოფილიყო. ციხის სახელიც ამ ჭიდან უნდა მომდინარეობდეს "ჭაქვინჯი" ქართულად ითარგმნება როგორც "ჭის ძირი".

 

ციხიდან ჩრდილოეთისაკენ, საკმაოდ დაშორებულ მანძილზე არის კიდევ მეორე პატარა ციხე. ამ ორ ციხეს შუა, თურმე დაკარგული სავალი ყოფილა. როცა დიდ ციხეში მყოფთ ომიანობის დროს მტრების მიერ გარშემორტყმულთ, ჭის წყალი შემოელეოდათ, ამ დაფარული გზით მიდიოდნენ პატარა ციხეში და იქიდან მოჰქონდათ თურმე წყალი.

 

გვიან საუკუნეებში, როცა ციტადელის ჩრდილოეთით ვრცელი გალავანი ააშენეს, მაშინ იქვე ხევში მომდინარე წყარო გალავანში მოაქციეს. დიდი ციხიდან ჩრდილო –დასავლეთისკენ დაახლოებით 80 საბჯენით შემორჩენილია ერთი დამტვრეული ბუხარი, სადაც ყოფილა ძველად სასახლე სამეგრელოს მფლობელის ლევან დადიანისა. ამ ნაბუხარსა და დიდ ციხეს შუა არის კიდევ ქვით გაკეთებული ფარული სავალი. ჯიხაში ყოფილა დამნაშავეთა საპყრობილე.

პროფ. პარმენ ზაქარაიას განმარტებით ჭაქვინჯის ციხე - სიმაგრე შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. არქეოლოგიურმა გათხრებმა მშენებლობის რამდენიმე ფენა გამოავლინა. I ფენა მიეკუთვნება III-IV სს. II ფენა მიეკუთვნება – VIII - IX სს, ხოლო მესამე XVI - XVIIს-ებს. ციტადელი აღმართულია მაღალი მთის თავზე გარს ერტყმის გალავანი, რომლის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთ მხარეებზე სხვადასხვა დროს ჩაშენებულია 4 კოშკი.

 

ციტადელი ქვედა ციხეს უკავშირდება ჩრდ. ფერდობზე გაყვანილი გვირაბით, რომლის ბოლოშიც კოშკი დგას. ქვედა ციხის ჩრდ. ნაწილში წყარო იყო. ციხის ეზოს სამხრეთ მონაკვეთის ცენტრში მდებარეობდა X-ის-ის პალატი, რომლისაგან დარჩენილია მხოლოდ პირველი სართული.

 

ციხე ძალიან დაზიანებულია. ნანგრევებში არა თუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევა შეუძლებელია. ციხე შედგება ორი ნაწილისაგან. ერთია ციტადელი, რომელსაც მთის მაღლობი ეკავა, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო ჩრდ. _ რთულ რელიეფზეა. გათხრების შედეგად ამ ეზოს გეგმა თითქმის აღსდგა. აქ არის ასევე კოშკები. გალავნის ჩრდ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდგარი კოშკი საგანგებო დანიშნულების ყოფილა. იგი აგებულია გვირაბთან ერთად. საკმაოდ მაღალი და განიერი გვირაბი ციტადელს უკავშირდება. იგი გარნიზონის შიდა სამოძრაოდ იქნებოდა განკუთვნილი. რთული სვლებით კი, გარემოცვის დროს კოშკიდან შეეძლოთ მოულოდნელი თავდასხმა მოეწყოთ. ციტადელი ძირითადად IV - V საუკუნეებისაა, გვირაბი და კოშკი XV -XV ს-ებისა.

 

ციტადელის ტერიტორია განლაგებულია გრძელ, ელიფსურ გორაზე. მშენებლებს კარგად გაუთვლიათ რელიეფის თავისებურება. ძნელად მისადგომ ადგილებზე გალავნებით დაკმაყოფილებულან, ხოლო ჩრდილოეთით, სადაც ადგილი მისადგომია გალავანში 3 კოშკი ჩაურთავთ. ყველაფერი ეს შეიძლება დათარიღდეს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით. ამ ფენამ მომდევნო ეპოქებში რამდენჯერმე იცვალა სახე, მაგრამ ძირითადი შენარჩუნებული იქნა. შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XIII-XIV სს. ძლიერი მტრის დარტყმებმა მეტად დააზიანა. ციტადელის აღმ. ბოლოში აშენდა ერთი კოშკი, ხოლო ჩრდ. შიდა კოშკი ხელახლა აიგო.

 

ციხე მნიშვნელოვან სარესტავრაციო და გეგმიურ ცვლილებებს განიცდის მეთექვსმეტე საუკუნეში. ისტორიულ წყაროებში ჭაქვინჯის ციხე ფაქტიურად მეჩვიდმეტე საუკუნემდე არ იხსენიება.

 

ჭაქვინჯის ციხეს (ჯიხას) იხსენიებს მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, როგორც საისტორიო წყაროებიდან ჩანს ციხის ტერიტორიის მიდამოებში საზაფხულო სასახლე ჰქონდათ სამეგრელოს მთავრებს - დადიანებს. ამ სასახლეში 1813 წელს დაბადებულია სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.

 

1905 წელს რევოლუციის პერიოდში ადელხანოვის ჯარებს გადაუწვავთ ჭაქვინჯი და მათი მიმდებარე სოფლები. მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ამოუჟლიტავთ. სახლ-კარ გადამწვარი მოსახლეობა თავს აფარებდა ციხეს და მის ფართო გალავანს.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 17.03.2017 ბრძანება №2/24-ის საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

2017 წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

bottom of page